გამყოფი ხაზების მიმდენარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს მთავრობა სწავლას მომავალ წელსაც დაუფინანსებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის 21-ე სხდომა გაიმართა.
სხდომა ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნეს.
სხდომის ფარგლებში განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, გამყოფი ხაზების მიმდენარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2020-2021 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელება, ასევე ამავე სოფლების მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევა.
სხდომაში როგორც კომისიის წევრი ცალკეული უწყებების წარმომადგენლები, ისე ცალკეული მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულები მონაწილეობდნენ.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კომისიაზე ცალკეული მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებული საკითხები დასვა, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს. კომისიის ფარგლებში ამ პრობლემების გადაჭრის გზები და საშუალებები განისაზღვრა.
„ეს იყო კომისიის თანათავმჯდომარის და სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემთვის პირველი სხდომა, რომელზეც განვიხილეთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ყველაზე აქტუალური საჭიროებები. ჩემი დანიშვნის პირველივე დღეებიდან მე ვიმყოფებოდი ამ სოფლებში, სადაც პირადად შევხვდი მოსახლეობას, გავესაუბრე მათ საჭიროებებზე და ეგ საკითხებიც ასევე განხილულ იქნა დღევანდელ სხდომაზე. ამასთან გადაწყდა, რომ 2020-21 წლებისთვის გაგრძელდება ამ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების განათლების დაფინანსება, ისევე როგორც ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარება,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.