“ლელო ტყუის” – ქუთაისელებმა სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს

#ლელოტყუის, – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ქუთაისელებმა კამპანია დაიწყეს. საქმე, რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც მოქალაქესა და “ლელოს” გუნდის წევრს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელსაც პარტიის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა პოლიტიკურად ანგარიჟებული უწოდა და მომხდარში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.

“რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, თუ რა მოხდა სინამდვილეში 13 ოქტომბერს ქუთაისში. როგორც ცნობილი გახდა, ბაიკერთა კლუბმა კაფე „ჰოეგარდენი“ გახსნა, რის გამოც ქალაქში გაცნობითი ხასიათის მსვლელობა მოაწყვეს. ბაიკერები კლუბის დროშებითა და სიგნალებით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირასთან” საუბარში, დაკავებული თ.ყ-ს მეგობარი დავით ბერაძე ამბობს, მომხდარ დაპირისპირებას წინ ავტოსაგზაო შემთხვევა უძღოდა.

“რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობის დროს, ერთ-ერთი ავტომობილის კარი გაიღო და ჩვენი მეგობრის მოტოციკლს მოხვდა. ამ დროს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი “ლელოს” გუნდის წევრი შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გინებითა და აგრესიით მიმართავდა ჩვენს მეგობარს. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო „ლელოს“ გუნდის წევრისგან. სრულიად აპოლოტიკურები ვართ და საერთოდ არ ვიცოდით, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. ბრიფინგიდან გავიგეთ, რომ თურმე მათზე პოლიტიკური თავდასხმა მოვაწყვეთ. დაპირისპირების დროს ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდაა. “ლელოს” გუნდის წევრმა, აღნიშნა, რომ მისი დაზიანებები ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება. ჩვენ ბოდიში მოგვიხადა და ასე დასრულდა“,- ამბობს ბერაძე.

მისივე თქმით, მომხდარიდან ორ საათში “ლელო საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციამ ბრიფინგი მოაწყო და პარტიის წევრებმა აბსურდული ბრალდებებით პოლიტიკური ქულები დაიწერეს.

„მომხდარიდან რამდენიმე საათში ჩვენი მეგობარი დააკავეს. მალევე ვნახეთ ბრიფინგი, სადაც ანა ნაცვლიშვილი პოლიტიკურ თავდასხმაში გვადანაშაულებს, რაც აბსურდულია. ჩვენი აზრით, “ლელოს” გუნდის წევრს დროშები აერია და პოლიტიკური პარტიის მსვლელობა ეგონა, რის გამოც მოაწყვეს პროვოკაცია და თავის პოლიტიკურ პარტიას ქუთაისში განაჩენი გამოუტანეს“,- განაცხადა ბერაძემ.

საზოგადოების გააქტიურების შემდეგ “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა მისი თავდაპირველი განცხადება, თითქოსდა მათზე პოლიტიკური თავდასხმა განხორციელდა შეცვალა და განმარტა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მოტივით მომხდარი ძალადობა.

“იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მე მომაწოდეს იმ დროისთვის, იყო ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი ჩემთვის. დავბრუნდი მალევე ქუთაისში, ჩავატარეთ ჩვენი შიდა გამოძიება, ასევე სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და მინდა გითხრათ, რომ მოცემულ მომენტში ამ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია არ იკვეთება. შესაბამისად, საქმე მიმდინარეობს მხოლოდ ცემის მუხლით. სამწუხაროდ, ცემას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ჩვენს ინტერესში არანაირად არ შედის ახალგაზრდა ადამიანის დასჯა, თუმცა ფაქტია, რომ მან ჩაიდინა ძალადობრივი ქმედება. მე ამ ხნის განმავლობაში მქონდა კომუნიკაცია მის ოჯახთან და მაქვს არაერთი ინფორმაცია ამ პიროვნების შესახებ. ვემიჯნებით ძალადობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტები, მოტივის მიუხედავად, ჩვენს ქალაქში აღარ მოხდება,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ბრალდებულ თ.ყ – ს გირაოს სახით 5 000 ლარი დააკისრა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები