„მოსწავლე ჩემთვის შემდგარი პიროვნებაა“ – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ონიდან
ონისა და სოფელი ღარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეონა შერაზადიშვილი 2020 წლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გახდა.
თეონა ონში დაიბადა და გაიზარდა, ახლა იმ სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, რომელიც თავად დაამთავრა.
„ბუნებრივია, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა დიდი პასუხისმგებლობაა, ჯილდომდე მასწავლებლობის დიდი გზა გავიარე, 27-წლიანი გამოცდილებაც დავაგროვე და ათეულში მოვხვდი, შემდეგ ხუთეულში და ფინალისტობის უფრო დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ეს ის კონკურსია, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს ეგიდით ტარდება და რომელმაც ბოლო წლებში პედაგოგის პოპულარიზაციის მიმართულებით უდიდესი საქმე გააკეთა“,-ამბობს თეონა.
წარმატებული ონელი პედაგოგის აზრით ყველაზე მთავარი, რაც ყველაზე კარგად გამოსდის მოსწავლეებთან და საზოგადოებასთან მისი განსაკუთრებული კომუნიკაციის ნიჭია.
„მხოლოდ საგნის სწავლება არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანი ბავშვების ნდობის მოპოვებაა. თუ კი მოსწავლე პედაგოგს არ ენდობა,მას არც საგანი შეუყვარდება და არც არანაირ საქმეში პედაგოგის მიმართ რწმენა არ ექნება. მოსწავლე ჩემთვის შემდგარი პიროვნებაა, რომელსაც თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. მე სრულიადაც არ ვცდილობ მათგან ახალი პიროვნება გამოვძერწო, მე მათ საკუთარი თავის შეცნობაში ვეხმარები,“-ამბობს თეონა და ფინალისტობაზე დასახელების ბედნიერ წუთებს იხსენებს. ეამაყება, რომ მისი სახელი და გვარი მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს მფლობელმა საზეიმოდ გამოაცხადა.
„იმდენად ბედნიერი წუთები იყო, რომ მონაწილეობა მარტო ამად ღირდა. მსოფლიო მასწავლებლის ჯილდოს მფლობელის მონაწილეობის ფაქტი კი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის მნიშვნელობაზე მეტყველებს“, – განმარტავს ონელი პედაგოგი.
თეონა შერაზადიშვილს ქალაქში წასვლის შანსი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არაერთხელ ჰქონია, ორი შვილი სტუდენტია და მათ გარეშე უწევს მაღალმთიან რეგიონში ცხოვრება, თუმც ცხოვრების არცერთ ეტაპზე უფიქრია რაჭის მიტოვება და ამბობს, რომ „ონი, არის ადგილი, სადაც მე ყველაზე მეტად ვარ საჭირო და დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადგილი, სადაც ასე საჭიროდ ჩავთვლი თავს“.