რას ამბობდა სოზარ სუბარი 2012 წელს მაშინდელი მაღალჩინოსნების განცხადებებზე, რომ დავით-გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაა

როდესაც კულტურის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე -ქალბატონი კალანდაძე, პარლამენტის წევრები რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია და ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, ეს არის უბრალოდ ღალატი საქართვეოს სახელმწიფოებრივი ინტერესების და საქართველოს ეროვნული ინტერესების,-  ამის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში “ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა netgazeti.ge-ს განუცხადა, როდესაც დავით-გარეჯის მონასტერში ათასობით ქართველი მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებების საპასუხოდ ჩავიდა.

“როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ექმნება საფრთხე მაღალი თანამდებობის პირების უპასუხისმგებლო განცხადებების გამო, საზოგადოებამ რეაქცია უნდა მისცეს ამას.  საზღვარი ჯერ არ არის დადგენილი, დემარკაცია ჯერ არ არის მომხდარი, შესაბამისად, ზუსტად სად გადის საზღვარი, არ ვიცით. და როდესაც ამ ფონზე აკეთებენ განცხადებას – კულტურის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე -ქალბატონი კალანდაძე, პარლამენტის წევრები რომ ეს არ არის საქართველოს ტერიტორია და ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია, ეს არის უბრალოდ ღალატი საქართვეოს სახელმწიფოებრივი ინტერესების და საქართველოს ეროვნული ინტერესების”, – უთხრა 2012 წელს “ნეტგაზეთს” სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 6 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით აზერბაიჯანელი მესაზღვრეები პირობითი საზღვრის იქით, უდაბნოს მონასტრისკენ საქართველოს ტერიტორიიდან მომლოცველებს, ტურისტებსა და სასულიერო პირებს არ უშვებდნენ.

2012 წლის 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა “საუბრისას ყურადღება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ თემაზე მოლაპარაკება ორი ქვეყნის დიპლომატებისა და სასაზღვრო კომისიის ფარგლებში გაგრძელდება. ლიდერების განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობასა და თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ამ ორი მოძმე ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.”

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი – ნატალია ილიჩოვა ამ წლის 7 ოქტომბერს დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები