ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ხაბუმეში ეწერის, კალინინისა და ჟუღუს უბნებში 8-კილომეტრიანი გზის ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ცნობით, პროექტი გარდამავალია და ასფალტის მეორე საფარი მომავალ წელს დაიგება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 2 905 000 ლარით ფინანსდება.
შესრულებულ სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.
ეწერისა და ჟუღუს უბნებში ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გზა ავარიული იყო და მოქალაქეებს პრობლემას უქმნიდა.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა გამართული და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ვცდილობთ, არცერთი სოფელი არ დარჩეს მიუვალი, პრობლემური გზებით. ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანს უნდა შეეძლოს კომფორტულად გადაადგილება“,- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დღემდე 70 კილომეტრი გზა რეაბილიტირდა.