ლენტეხში კორონავირუსი სასწრაფო დახმარების მედდას დაუდასტურდა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შუახნის ქალს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მედდად მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ლენტეხის საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა განუცხადა. სპეციალისტის განცხადებით, ფაქტი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს გეგმიური ტესტირებები ჩაუტარდათ. ამ ეტაპისთვის, დაინფიცირებულის მდგომარეობა მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, აღენიშნება დაბალი ცხელება და ყელის ტკივილი. პაციენტი ამჟამად, სახლში, მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფება და უახლოეს საათებში გადაწყდება მისი გადაყვანა შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.
ლენტეხში ეპიდემიოლოგებმა დილიდან ჩაღრმავებული, გაფართოებული კვლევები და შესაძლო კონტაქტების მოძიება დაიწყეს.