„ახალგაზრდობა შეიცვალა, არც მოხუცი ეცოდებათ და არავინ“ – 80 წლის ლამარა ბებო მუგარეთიდან

ახალციხიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სოფელ მუგარეთში, ასვლისთანავე შენიშნავთ სოფლის ცენტრში ჩამომსხდარ მოხუც ქალებს. ყოველ საღამოს ერთად იკრიბებიან და ქვეყნისა თუ სოფლის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავენ. სიამაყით იხსენებენ ახალგაზრდობას, თავიანთ წარსულსა და განვლილ ცხოვრებას. წარსულზე საუბრის დაწყებისას თვალები სიხარულით უციმციმებთ, თუმცა მალევე ახსენდებათ საკუთარი ასაკი და ისევ იწყენენ.
პენსიონერი ქალების ასაკი განსხვავებულია. ზოგი 80 წელსაა გადაცილებული, ზოგიც კი 90-ს. ერთ-ერთი მათგანი ლამარა კაპანაძე წარმოშობით ხაშურიდანაა. „რეგიონული კვირას“ თავის გამოცდილებას უზიარებს და საუბრისას ხშირად ავლებს პარალელს თავის თაობასა და ახლანდელ ახალგაზრდებს შორის.
„ჩემი ახალგაზრდობა ძალიან მენატრება. ნეტავ შეიძლებოდეს წარსულში დაბრუნება. ახლანდელი თაობა რადიკალურად განსხვავებულია. არც ზრდილობა აქვთ და არც მოხუცების პატივისცემა. არ მომწონს მთელი დღე უსაქმურად ზიან და მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ. რომ კითხავ რატომ არ მუშაობო თავის სიზარმაცეს კი არ აბრალებენ, ამბობენ სამუშაო არაფერიაო. საკუთარ სახლში ხომ შეუძლიათ საქმე გააკეთონ, მაგრამ არა სიგარეტის მოწევა ურჩევნიათ მხოლოდ“,- ამბობს 80 წლის ლამარა.
როგორც გვერდზე მჯდომ მოხუცს თავად უწოდებს, დაქალები ერთმანეთს გულის დარდს ხშირად უზიარებენ. ამბობენ, რომ შვილიშვილების მოფერებისა და ერთმანეთთან საუბრის მეტი აღარაფერი შეუძლიათ.
„55 წლის შვილი მომიკვდა. 5 წელი მას ვუვლიდი და მაინც ვერ გადავარჩინე. მე უნდა ვიყო ცოცხალი და ჩემი შვილი მიწაში უნდა იწვეს? რა ვქნა, სხვა რა გავაკეთო. საღამოობით გამოვდივართ გარეთ და ერთმანეთს ჩვენს ტკივილზე ველაპარაკებით. ასე შედარებით მსუბუქდება ჩვენი დარდი“,- ამბობს ლამარა.
თუ რას ფიქრობს 80 წლის მოხუცი დღევანდელ თაობასა და ცხოვრებაზე, უფრო მეტს „რეგიონული კვირას“ სიუჟეტში ნახავთ.

 

მედეა ლომიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები