ქალები ფეხბურთში – 15 გატანილი გოლი ერთ მატჩში და ლანჩხუთელი ბომბარდირი გოგონათა შორის
15 გოლი ერთ შეხვედრაში ქალთა საფეხბურთო გუნდ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ გაიტანა. გამოცდილი ფეხბურთელისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ერთ მატჩში რეკორდული რაოდენობის გოლის გატანა შეძლო.
„თამაშის პერიოდში მინდოდა, რომ ბევრი გოლი გამეტანა, ბომბარდირობაზე მებრძოლა. მესამე ადგილი მაინც ამეღო. მთელი გუნდი გადმორთული იყო იმაზე, რომ ამისთვის მიმეღწია. ბოლოს ანგარიში რომ გავიგე, 15 გოლი მარტო მე გავიტანე, შოკში ვიყავი. გოლებს ვითვლიდი, პირველ ტაიმში ოთხი გოლი გავიტანე, მეორე ტაიმშიც ვფიქრობდი, რომ სადღაც ხუთ გოლს გავიტანდი. მეტი არ მიფიქრია, როცა ავედი უკვე ხუთზე, ექვსზე, მეტი ვეღარ დავითვალე უკვე. შეტევა დაიწყებოდა თუ არა, გოლს ვიტანდი. ყველა პასი თითქმის ჩემზე მოდიოდა, ისეთი პასები მომდიოდა, გინდა, არ გინდა, უნდა გამეტანა. რეაქცია რამე განსაკუთრებული მქონდა თქო, ვერა, მიჩვეულები ვართ მოგებას. დიდი ანგარიშითაც, წაგებასაც“, – ამბობს ხატია.
მატჩის საბოლოო ანგარიში და ხატიას გატანილი 15 გოლი მოულოდნელი იყო გუნდის მთვარი მწვრთნელისთვისაც. გიორგი ჩხაიძე „ზარზმასთან“ მატჩს იხსნებს და გუნდის სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრება. „ლანჩხუთი“ სამომავლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აპირებს გასვლას.
„ჩემმა გუნდმა პირველად დააფიქსირა ასეთი რეკორდული ანგარიში, რთულია 19 გოლის გატანა, მაგრამ გუნდში არის ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებმაც ეს შეძლეს. ხატია ჭყონიამ 15 გოლი გაიტანა, ეს ადვილი საქმე არ არის, რაც არ უნდა სუსტ გუნდს ეთამაშებოდე. ამხელა ანგარიშს მართლა არ ველოდი “, – თქვა ჩხაიძემ.
ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საკმაოდ დიდი ისტორიის გუნდია, 12 წლის წინ ავთანდილ ორმოცაძემ ჩამოაყალიბა, თვითონ იყო ამ გუნდის პირველი მწვრთნელიც. ფეხბურთელები მის ღვაწლად მიიჩნევენ, რომ გუნდი წარმატებულია. გოგონებისთვის ღირსების საქმეა თავიანთი ქალაქის სახელის დაცვა, ფეხბურთის სიყვარული მათი მთავარი მასტიმულირებელია.
„ჩვენი სიყვარული ფეხბურთისადმი ძალიან დიდია და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ ვითამაშოთ. ჩვენს გუნდს ლიგაზე გვაქვს სათამაშო, რაც ძალიან დიდი სტიმულია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დავდოთ და კიდევ ერთხელ ვასახელოთ ჩვენი ლანჩხუთი“, – გვეუბნება ნინი ჩხარტიშვილი, „ლანჩხუთის“ ცენტრალური მცველი.
საქართველოში ქალთა ფეხბურთში მოასპარეზე 14 გუნდია, მათგან სამს აქვს ხელფასი, მათ შორის არის ლანჩხუთის ქალთა გუნდი, მათ ხელფასს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უხდის.
თათია სამსონიძე