აბაშის მერის თქმით, მარტვილთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს

მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები  ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

აქტიურად მიმდინარეობს აბაშა-მარტვილის 15 კმ-იანი და მარტვილი-ხონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები.

აღნიშნული გზა მარტვილს ორ მუნიციპალიტეტთან აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და მოეწყობა საგზაო ნიშნები.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტის მერები: ალექსანდრე გრიგალავა და ლევან მაკალათია გაეცნენ.

„ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ამ გზის მოწესრიგება ორმაგად მნიშვნელოვანია, – დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, საგრძნობლად გაიზრდება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკური აქტივობა  და მეორე, – შევძლებთ მივიღოთ კიდევ მეტი სტუმარი, რაც გააჩენს დამატებით სამუშაო ადგილებს და სტიმულს უფრო სწრაფი განვითარებისათვის. ამისთვის ჩვენ სხვა მიმართულებებითაც ვმუშაობთ, თუმცა გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“ – განაცხადა ალექსანდრე გრიგალავამ.

 „მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, არ გავაჩერეთ სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მიმდინარეობს ბევრი ობიექტის რეაბილიტაცია, მოვაწესრიგეთ შიდა გზები და, ხედავთ, დღესაც როგორ აქტიურად გრძელდება სამუშაოები. აბაშა-მარტვილის კეთილმოწყობილი გზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რამდენადაც მოქალაქეებს გაუმარტივებს  გადაადგილებას და რაც მთავარია, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს წარმატებულ და განვითარებულ  სოფელს, ოჯახების ეკონომიკურად გაძლიერებას და უკეთეს ხვალინდელ დღეს“ _ განაცხადა ლევან მაკალათიამ.

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორცილებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები