ფოთში “აჭარა ტექსტილის” 56 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ფოთში საწარმო “აჭარა ტექსტილის” 400-მდე თანამშრომელი კორონავირუსზე გაიტესტა, საიდანაც 56 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა.
“ფოთის ტექსტილში განხორციელდა პერსონალის გატესტვა, გუშინ გაიტესტა 400 თანამშრომელი, მათგან 56 დადებითია, ისინი ყველა უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. დაინფიცირების წყარო აჭარას უკავშირდება. ამ ეტაპზე საწაროში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს, დღეს დასვენების დღეა და დღის ბოლომდე გადაწყდება გააგრძელებს თუ არა საწარმო მუშაობას. საწარმოში სხვადასხვა რეგიონის 1000-მდე მაცხოვრებელი მუშაობს. თუმცა ისინი სხვადასხვა ცვლაში არიან”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
თორიას ინფორმაციით, ახალ გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
“რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 684 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 91 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 33 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან ყველა უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ისინი რუხის და ევექსის კლინიკებში ცხელებით შესული პაციენტები არიან. 1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში, როემლიც კლინიკა ევექსის მედპერსონალია, მიმდინარეობს კონტაქტის მოძიება. 1 შემთხვევა გვაქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ის უკვე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტია. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 253 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 79 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა თორიამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 14 პირი. ფოთის კლინიკიდან გაეწერა 4 პაციენტი, მათგან 2 გურიის რეგიონიდან არის, 1 ფოთის მაცხოვრებელია და 1 აჭარის რეგიონიდანაა.
რუხის კლინიკიდან გაეწერა 10 პაციენტი, მათგან 2 ჩხოროწყუს მაცხოვრებელია, 6 ზუგდიდელია და 2 ხობის მაცხოვრებელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 137 ადამიანი იმყოფება.