რაჭაში “რთველი 2020” დაიწყო – 1000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავდა
რაჭაში “რთველი 2020” აქტიურ ფაზაშია – ამბროლაურში სპეციალურად შერჩეულ 8 ლოკაციაზე სახელმწიფო კომპანიები ალექსანდროულს და მუჯურეთულს შეუზღუდავად იბარებენ. ამ ეტაპისთვის 1000 ტონაზე მეტი მოსავალი მიღებული, დახარისხებული და გადამუშავებულია. ერთი კილოგრამი ყურძნის ღირებულება 7 ლარია.
როგორც “რეგიონულ კვირას” ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განუცხადა, რთველი რაჭაში მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს და მთავარი კომპანია, რომელიც მევენახეებისგან მოსავალს იბარებს, სახელმწიფო კომპანია“აკურაა“.
„არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება, მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების პრობლემები არც აქამდე შექმნიათ და არც მომავალში შეექმნებათ, მიმღები კომპანიები აქ დარჩებიან იქამდე, სანამდეც ერთი კილოგრამი ყურძენიც კი ჩასაბარებელი იქნება. დღეის მდგომარეობით 1 ტონაზე მეტი ყურძენი მივიღეთ და რთველის დასასრულს ორიათას ტონამდე მოსავალს ველოდებით. ჩამბარებლები 8 ლოკაციაზე იბარებენ მოსავალს, მაგრამ ვგეგმავთ, რომ მსხვილი მწარმოებლებისთვის ერთი დავამატოთ, რათა მევენახეებს რიგში დიდხანს ლოდინმა არ მოუწიოთ“,- თქვა ამბროლაურის მერმა.
ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მოსავალს იბარებს, „ტრადიციული კახური მეურნეობაა“. კომპანიის წარმომადგენელი ზურაბ ჭიჭინაძის თქმით, დღეში 30-40 ტონამდე მოსავალს იღებენ, ყურძნის ხარისხი და ოდენობა საკმაოდ კარგია.
„რთველი ნორმალურ რეჟიმში მიდის, მოსახლეობას 7 ლარს ვუხდით, კარგი ხარისხის მოსავალს ვიღებთ, რაჭველი მევენახეები უკმაყოფილოები ნამდვილად არ არიან“, – თქვა ზურაბ ჭიჭინაძემ.
მევენახე ზვიად ჯინჭარაძემ ამ დროისთვის 11 ტონა ყურძენი უკვე ჩააბარა და რთველის დასრულებამდე ფიქრობს რომ დაახლოებით 20 ტონა მოსავალი ექნება.
„წელს რთველი რაჭაში განსაკუთრებულად ორგანიზებულად და დაგეგმილად მიმდინარეობს, ფასიც ნორმალურია, შარშან 20 ტონა მოსავალი მივიღე და წელსაც კარგი მოლოდინი მაქვს“, – განაცხადა რაჭველმა მევენახემ.
რთველი რაჭაში 5 დღეში დასრულდება.