სვანეთში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, სვანეთში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე ღია კერები აღარ შეინიშნება, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა, რომელთა ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
“ხანძარი მთის ფერდზე, მიუვალ ადგილზე გაჩნდა, რის გამოც ცეცხლის ქრობაში სახანძრო ავტოტექნიკა ვერ ჩაერთო. კერებამდე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი ფეხით მივიდა და ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობს ხანძარს.
მე-3 დღეა, ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩაერთულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. მათ 80 გაფრენა განახორციელეს და ცეცხლის კერებს 160 ტონამდე წყალი დაასხეს.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება და სალიკვიდაციო სამუშაოები”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.