პლატფორმა “ციფრული მოქალაქე” ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს მასშტაბით მოიძიოს მისი ცოდნის შესაბამისი სამუშაო პოზიცია, გააკეთოს ონლაინ განაცხადი ვაკანტურ სამუშაოებზე და დასაქმდეს.
“საინტერესო და რაც მთავარია, რეგიონის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტი ჩაეშვა დღეს, ეს არის ციფრული მოქალაქე, რომელზეც ვმუშაობდით ამდენი ხანი, ძალიან მიხარია, რომ უკვე დღეიდან დავიწყებთ ტრენინგებს და ადგილობრივი ახალგაზრდები ისწავლიან როგორ გამოიყენონ თანამედროვე პროფესიები რეალურად დასაქმებაში. ეს იქნება ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობა, რადგან ის განავითარებს მათ უნარებს, რომელიც აუცილებელი და საჭიროა, რომ დასაქმების ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები”, – განაცხადა ლანჩხუთ – ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ონლაინსწავლება შემდეგ პროგრამებზე: კომპიუტერული პროგრამირება, სოციალური მედია, ვიდეო მარკეტინგი, მობილური აპლიკაციების შექმნა და დიზაინი, ვებგვერდების შექმნა.
” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გაიხსნა ციფრული მოქალაქის ოფისი, რომელიც არის დისტანციური დასაქმების პლატფორმა. ეს პლატფორმა მუნიციპალიტეტს და მასში დასაქმებულ ადამიანებს მოუტანს დისტანციური დასაქმების საშუალებებს და შანსებს. მათ შეეძლებათ გაერთიანდნენ ერთი იდეის გარშემო. შეიქმნას დასაქმების ახალი ადგილები. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდებისთვის, ადგილზე გაივლიან სხვადასხვა ტრენინგ კურსებს და მათ ექნებათ საშუალება და შანსი, სამომავლოდ თვითდასაქმებულები იყვნენ კონკრეტული მიმართულებით. ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება სარგებლობა”, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
პროექტი ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.