სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

სადგურის დასახლებაში პირველად ბოლო 30 წლის  განმავლობაში  საბავშვო ბაგა – ბაღი ამოქმედდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

ბაღის შენობა დღეს საზეიმოდ  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. ღონისძიებას კოვიდ19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არ ესწრებოდნენ ბაღში რეგისტრირებული ბავშვები და მათი მშობლები. ღონისძიების შემდეგ დაწესებულება სათანადო წესით დამუშავდება და სააღმზრდელო პროცესს 15 ოქტომბრიდან დაიწყებს.

მე-11  ბაგა-ბაღი გორის მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით  ლიფტით სრულად ადაპტირებული პირველი საბავშვო ბაღია.  შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა,  ორსართულიანია და სამ  ჯგუფზეა გათვლილი. თითოეული ჯგუფისთვის გამოყოფილი სივრცე მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელსა დ ა სანიტარულ კვანძს, ხოლო  ყველაზე პატარა ასაკობრივი ჯგუფისთვის  – დამატებით საძინებელ ოთახს.    შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც.

პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა.

სადგურის დასახლებაში უკანასკნელი  სამი ათეული წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებდა,  რის გამოც, ბავშვებს ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული. 15 ოქტომბრიდან კი ახალ მე-11  საბავშვო ბაღში 100-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას  უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში შეძლებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები