ჩხოროწყუში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
13 ოქტომბერი ქართველი დისიდენტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მერაბ კოსტავას ქანდაკების ავტორ დემურ ანთიასთან ერთად გვირგვინით შეამკო ეროვნული გმირის ბიუსტი, რომელიც მას 2017 წლის 26 მაისს, დაბადების დღეს, დედულეთში, სოფელ ახუთში მის სახელობის სკვერთან ერთად გაუხსნეს.
„დღეს მოვედით საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას სკვერში, რათა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდიასთან ერთად მთელი ცხოვრება იბრძოდა ეროვნული ინტერესების დასაცავად, რამაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. ის მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. ის არის ეროვნულობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოსადმი უპირობო სიყვარულის სიმბოლო. საქართველოს ისტორიამ მისი სახელი უკვდავყო. კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მისი ხსოვნის წინაშე” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ.