ზუგდიდში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და ბიუსტი გვირგვინით შეამკეს. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
„დღეს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი მომავალი თაობისთვის, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და დავიცვათ ქვეყნის ღირსება. ეროვნული გმირების მონაპოვარი გაფრთხილებას და დიდ პატივისცემას იმსახურებს. გვჯერა, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად შევქნით ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ისეთს, როგორზეც მერაბ კოსტავა ოცნებობდა“ – აღნიშნა მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ.
საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში სოფელ ბორითთან დაიღუპა, სიმბოლურია, რომ იგი 1939 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იყო დაბადებული.