როდესაც აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და იქ ჩატარდა ე.წ. მეორე საპრეზიდენტო არჩევნები, ეს იყო ცხადი პოლიტიკური დანაშაული, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, გარდა იმ სისხლისამართლებრივი საქმისა, რომელიც ახლა განიხილება, იყო უამრავი სხვა დანაშაული წინა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიძიონ სამართალდამცავმა უწყებებმა.
“ყველაფერი შეიძლება, მაგრამ გარდა ამ სისხლისამართლებრივი საქმისა, რომელიც ახლა განიხილება, იყო უამრავი სხვა დანაშაული წინა ხელისუფლების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმას, რომ წინა ხელისუფლებამ აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რაც ცხადია, იყო დანაშაული მათი მხრიდან და სწორედ ამ საზღვრების აღდგენამ და იქ ე.წ. მეორე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამ, რაც იყო პირდაპირი და ცხადი დანაშაული, ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, რომ განეხორციელებინა ამ ჩვენი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია და ბორდერიზაციაშიც უწყობს ხელს დღემდე რუსეთს. ეს არის რა თქმა უნდა სახელმწიფოს ღალატი. ეს იყო რა თქმა უნდა პოლიტიკური დანაშაული. როდესაც აღდგა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და იქ ჩატარდა ე.წ. მეორე საპრეზიდენტო არჩევნები, ეს იყო ცხადი პოლიტიკური დანაშაული”,- განაცხადა კობახიძემ.