თუ მუხლი სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებით ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, ეს შეიძლება იყოს შიშის შედეგი. ეს შიში ჩვენს ოპონენტებს ბუნებრივია ექნებოდათ, რადგან სახელმწიფო ღალატს ისინი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ჩადიოდნენ, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, სისხლის სამართლის კოდექსიდან 307-ე მუხლის ამოღების შესახებ.
მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის სიტყვებით -“ფულს სუნი არ აქვს” – ნათელია, რომ სწორედ წინა ხელისუფლება იყო რუსეთთან დიალოგში.
“თავისთავად საინტერესო დეტალია, თუ მუხლი სახელმწიფო ღალატთან დაკავშირებით ამოღებულია სისხლის სამართლის კოდექსიდან, ეს შეიძლება იყოს შიშის შედეგი. ეს შიში ჩვენს ოპონენტებს ბუნებრივია ექნებოდათ, რადგან სახელმწიფო ღალატს ისინი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ჩადიოდნენ. მოგახსენებთ რა არის სახელმწიფო ღალატის შედეგები – ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა. ჩვენ ვანო მერაბიშვილის რეგიონში ვიმყოფებით, ის აქ დაიბადა და მას ეკუთვის სიტყვები, რომ თურმე ფულს სუნი არ ჰქონდა, როცა მას დაუსვეს კითხვა, რატომ აძლევდნენ საინვესტიციო ობიექტებს რუსულ მხარეს. ვინ იყო რუსებთან დიალოგში და ვინ ღალატობდა სახელმწიფოს, ამ ყველაფრიდანაა ნათელი. ეს არის მათი [ნაციონალური მოძრაობის] ხელწერა და შესაბამისად მათ ბუნებრივია ექნებათ შიში ამ მუხლის მიმართ. ეს მუხლი რომც არ არის ასეთ შემთხვევაში მათ გასამართლებას წინ არაფერი დაუდგება, მთავარია სამართალდამცავმა ორგანოებმა საქმე სათანადოდ გამოიძიონ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.