ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. გამოყოფილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსაზრდელები დროებით განთავსდებიან.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმდა . საბავშვო ბაგა-ბაღები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თითოეული აღსაზრდელისათვის ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები შეიძინა.
გარდა ამისა, სასწავლო პროცესიის განახლებამდე საბავშვო ბაღების თანამშრომლებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისა და მისი გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ.