გიორგი გახარია: ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას ბორჯომში განაცხადა.
პრემიერ – მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არც ერთი საათით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა.
„დიდი პატივია დღეს ჩემთვის საუბარი აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის მომავალსა და ბორჯომის განვითარებაზე. ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად ყველანი შევეჯახეთ რაც ვირუსის გავრცელებას და მასთან დაკავშირებით ეკონომიკურ კრიზისს ეხება, არც ერთი დღით, არც ერთი საათით ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორი გზები გვექნება, როგორი იქნება ჩვენი წყალმომარაგების სისტემა, როგორი იქნება გაზიფიცირება, როგორი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები და ა.შ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება უკვე მაგისტრალური გზების წესრიგში მოყვანის გარდა შიდა სასოფლო გზებსაც, წყალმომარაგებას, რომელიც უკიდურესად დიდი პრობლემაა და ყველას კარგად გვახსოვს შარშან ზამთრის სეზონზე რა პრობლემა გვქონდა ბაკურიანში, იგივე ეხება გაზიფიცირებას და ამ, მუნიციპალიტეტისთვის გაზიფიცირების შემდგომი განვითარება ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი საშუალო განათლება და მისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობის წესრიგში მოყვანა – სკოლების რემონტი და ახალი სკოლების მშენებლობა მაქვს მხედველობაში, ისევე როგორც საბავშვო ბაღები. ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარეობს, ხორციელდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს. მაგალითისთვის, შარშანდელი შემთხვევის შემდგომ ბაკურიანში უკვე დაიწყო როგორც სათაო ნაგებობის, ასევე კიდევ ერთი წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები და წელს უკვე 10 მლნ დაიხარჯა ამ პროექტში და 2021 წლის სეზონისთვის ეს პროექტი დასრულდება, ბაკურიანში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს,”- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ბორჯომში, ბაკურიანში შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად გადავიდეს თბილისში, ჰქონდეს შესაძლებლობა – ელემენტარული სახელმწიფო სერვისები, რომ მიიღოს ადგილზე.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ბაკურიანში მუნიციპალური ტრანსპორტი იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, ტურისტების რაოდენობა იმატებს, აუცილებლად მოსაგვარებელია და წელსაც სეზონის დაწყებამდე მოესწრება სპეციალური, 10 ავტობუსი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოთხილამურეებსაც თავისი აღჭურვილობა ატარონ თან. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როდესაც ბაკურიანში ჩემპიონატი ჩატარდება ბაკურიანი სრულად უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ ევროპულ დონეზე დავხვდეთ და ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბორჯომში, ბაკურიანში ჩვენ ისეთი პირობები შევქმნათ ცხოვრების, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად გადავიდეს თბილისში, ელემენტარული სახელმწიფო სერვისები, რომ მიიღოს ისიც უნდა მიიღოს აქ. ისეთი სერვისები, რომლებსაც ვაწვდით „აწარმოე საქართველოს” თუ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ყველა კარგად ვხედავთ, როგორც ბორჯომში ასევე ბაკურიანში ახალი სასტუმროების გახსნის რაოდენობას,”- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ – მინისტრის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც იყოს წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში.
„მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდება, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიკურ და მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში გვიწევს 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება, წყნარად, მშვიდად, იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისგან გვაქვს, რაც მთავარია, ღირსეულ, სამართლიან, მშვიდობიან, ყველა სახის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა გავიმარჯვოთ. ბორჯომელებო, გისურვებთ ამ გამარჯვებას,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.