ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრი სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ შორის ერთი ბავშვი და ორი ზრდასრულია. ამ დროისთვის, კორონავირუსის ინფექციით 93 პაციენტი რჩება. ინფიცირებულებს შორის 11 ბავშვი, 8 ორსული და ერთი მელოგინეა.
“გვყავს ერთი მელოგინე, რომელმაც კლინიკაში იმშობიარა.
აღნიშნული პაციენტი კლინიკაში 4 ოქტომბერს, ბათუმის მრავალპროფილური კლინიკიდან დადასტურებული კოვიდინფექციით შემოიყვანეს. ორსულს ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტემპერატურა და მშრალი სპაზმური ხველა აღენიშნებოდა. კლინიკაში შემოსვლის დროს მდგომარეობა რთული იყო, თუმცა ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ვითარება დასტაბილურდა. კარგად ჩაიარა მშობიარობის პროცესმაც. ამ ეტაპზე დედის და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ცნობისთვის, 14 სექტემბრიდან დღემდე, კლინიკა ბომონდის კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექცია 100-მა პაციენტმა დაამარცხა.