ქუთაისის 37 საბავშვო ბაღში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება
ქუთაისის 37-ვე საბავშვო ბაღში სწავლის განახლება ერთი კვირით გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი რამდენიმე ბაღში კორონავირუსული ინფექციის დაფიქსირება გახდა. კერძოდ, კორონავირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა.
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღების ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
“ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო. კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სწავლა დაიწყება, არ არსებობს”,-ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.