თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ეპიდკვლევა და ტესტირება მიმდინარეობს. როგორც “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა განუცხადა ამ ეტაპზე, შემოწმება 50 – მდე ადგილობრივმა ჩაიტარა. მოსახლეობის მასობრივი ეპიდემიოლოგიური შემოწმება სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დაინფიცირებას უკავშირდება.
“ჩვენ გავაფრთხილეთ მოსახლეობა იმის თაობაზე, რომ ვინც იმგზავრა 3–4–5 ოქტომბერს კისისხევი-თელავი-კისისხევის მიმართულებით, მოვიდნენ ჩვენთან დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე და ჩაიტარონ PCR ტესტი. სინჯები გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. სოფელში ასევე ტარდება თერმოსკრინინგი, ამ ეტაპზე 50 – მდე ადგილობრივია მოსული”,- განაცხადა ზურა გრძელიშვილმა.
დაინფიცირებული მამაკაცი უსიმპტომო პაციენტია. სამარშრუტო ავტომანქანა, სოფლიდან მუნიციპალიტეტის ცენტრის მიმართულებით, დღის განმავლობაში, რამდენიმე რეისს ასრულებს და მთლიანობაში, ორი სოფლის მოსახლეობას ემსახურება.