რესან კონცელიძემ თამარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, თამარის დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც, რესან კონცელიძემ აღნიშნა, ე.წ. დევნილების დასახლებაში, სადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, განხორციელდა საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიული იყო. მოწესრიგდა კანალიზაცია და სასმელი წყლის სისტემა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, თამარის დასახლებაში სხვა უბნების მსგავსად, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება. აშენდება მრავალპროფილური საზოგადოებრივი ცენტრი, რაც ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს დაეუფლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს.
დევნილებთან გამართულ შეხვედრებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი დავით ფაცაცია, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და „ქართული ოცნების” ბათუმის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.