ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ხონის გვაშტიბის წმინდა გიორგის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 2020 წლის ივნისი-სექტემბრის თვეებში ხონის მუნიციპალიტეტის სოფ. გვაშტიბში წმინდა გიორგის სახელობის დარბაზულ ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად:
ინტერიერში და ფასადებზე ახალი კედლების შესაქმნელად მოეწყო საპირე წყობა ახალი ქვით კირდუღაბზე, ამოიგოზა ქვის ნაკერები სპეცკირხსნარით;
შეივსო საძირკვლის გამოქარული ნაწილები;
მოეწყო კაპიტელი სუფთად თლილი კირქვით, კირდუღაბზე;
ფასადებზე სარკმლების თაღები აღდგა ნიჩბისის გათლილი ქვით კირდუღაბზე, ხოლო სარკმელები და კარები დამზადდა მაგარი ჯიშის ხის მასალით ლითონის ელემენტებით;
კამარისა და კონქის გადაყვანაზე გამოყენებულ იქნა შერჩეული ნატეხი ქვები;
მოეწყო ამბიონის ასასვლელი ქვის კიბე ნიჩბისის ქვით კირდუღაბზე, იატაკი კი შერჩეული ადგილობრივი კირქვით დუღაბზე;
მოეწყო თუნუქის საფარი ლორფინის იმიტაციით;
დამზადდა და დამონტაჟდა ჯვარი.
ეკლესია XVII საუკუნეს განეკუთვნება.
სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდა: შპს “საქართველოს სამშენებლო ჯგუფი-XXI”.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები