“ ძუღურისა და ლაშიჭალის წყლების კვლევა დაიწყო “- ენდოკრინოლოგები და ოფთალმოლოგები ცაგერს ორი მიზნით ესტუმრნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელს ამერიკული ორგანიზაცია „ველფიარ ფაუდეიშენის“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფთალმოლოგები და ენდოკრინოლოგები, ლეჩხუმს ორი მიზნით ესტუმრნენ-. როგორც ამერიკული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში სიმონ გაბრიჭიძე „რეგიონულ კვირასთან“ ჰყვება, მათი პროექტის მიზანი დიაბეტის პრევენციაა და ის საქართველოს 6 რეგიონში ხორციელდება.
„ ლეჩხუმში ჩვენი ჯგუფი ორი კონკრეტული მიზნით ჩამოვედით, პირველი, მოსახლეობის სამედიცინო კვლევაა, მეორე კი ფრიად საინტერესო-„ძუღურისა ლაშიჭალის წყლის თვისებების შემოწმება. იმის შესახებ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებობს უნიკალური ძუღურისა და ლაშიჭალის წყლები მართალია ბევრმა იცის, მაგრამ თითქმის არავინ, თუ რა გავლენა აქვს ამ მინერალურ წყლებს სისხლში შაქრის შემცველობაზე. ჩვენ დღს დავიწყეთ კონკრეტული კვლევები, რა ხდება წყლის დალევამდე და წყლის დალევის შემდეგ სისხლში შაქრის რაოდენობის მიმართულებით. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს წინასწარი მონაცემები, რათა შემდგომში ჩვენი დონორები დავაინტერესოთ და დიდ კვლევებზე გადავიდეთ“,- განაცხადა „ველფიარ ფაუდეიშენის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და „ლაიანსების“ თვალის დიაბეტური კლინიკა „საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინო კარანაძე განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში 6 სამიზნე რეგიონში თვალის კაბინეტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.
„ ჩვენ ქვეყნისთვის საინტერესო და საჭირო საქმეს ვაკეთებთ, ჯანდაცვის სისტემასაც გვერდით ვუდგევართ და იმ რეგიონებში ვეხმარებით, სადაც ძნელია სრულყოფილი ოფთალმოლოგიური კვლევების ჩატარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ლეჩხუმში არსებული „ძუღურის“ წყლის თემა, რომლის შესახებაც აკადემიკოს ემზარ გაგნიძისგან შევიტყვეთ და გვაქვს უამრავი შემთხვევა, როცა სისხლში შაქრის შემცველობა ამ წლის მიღების შემდეგ მნიშვნელოვნად იცვლება, მაგრამ ამას მეცნიერული დადასტურებები და კვლევები სჭირდება. რაც მთავარია ჩვენ კვლევა დავიწყე!, შედეგები აუცილებლად გამოქვეყნდება და მას გაგრძელებაც ექნება“,-განაცხადა ნინო კარანაძემ.
მერაბ ბურჯალიანს, რომელიც სანატორიუმ „ლაშიჭალის“ დირექტორია, სჯერა, რომ კვლევები მნიშვნელოვან ძვრებს მოიტანს არა მარტო სამედიცინო, არამედ ვიზიტორთა ზრდის მიმართულებებითაც-„ დღეს ორბელის თემში მოსახლეობის ენდოკრინოლოგიური დაავადებების პრევენციამ და ჩვენი წყლების კვლევების დაწყებამ, მოსახლეობის დიდი კმაყოფილება გამოიწვია, გვჯერა, რომ კვლევები კვლავ გაგრძელდება და შესაბამისი შედებიც კარგი იქნება“,-განაცხადა მერაბ ბურჯალიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები