სოფელ გეგლიძეებში სარწყავი არხი რებილიტირდა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის პროგრამის ,,სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია’’-ის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგლიძეებში 1.16-კოლომეტრიანი სარწყავი არხის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, რეაბილიტირებულ სამელიორაციო არხში წყალი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ გაუშვა.
“პროგრამის მიზანს წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დამშრობი, სარწყავი და შიდაქსელური არხების რეაბილიტაციას.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი, რომელიც მოემსახურება 15 ოჯახს. პროექტის ღირებულება 76 130 ლარს შეადგენს.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, ქედის მუნიციპალიტეტის მერი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდნენ”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.