ხულოს სოფელ ბეღლეთში ახალი საფეხმავლო ხიდი აშენდა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ახალი საფეხმავლო ხიდი აშენდა , -ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ადგილობრივების მოთხოვნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხულოს მერიის მიერ დაიგეგმა და აშენდა ახალი თანამედროვე სტანდარტების კაპიტალური საფეხმავლო ხიდი, რომლითაც მოსახლეობა შეძლებს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
პროექტის განხორციელებისათვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 41 020 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ტრანს სამეულიჯორჯია”-მ შეასრულა.
დასრულებული პროექტი ხულოს მერის პირველმა მოადგილემ ნადიმ ვასაძემ, ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის წევრებთან ერთად მოინახულა.
ცნობისთვის, სოფელ ბეღლეთში ხოჩელას უბნის მოსახლეობა სახელდახელოდ მოწყობილი ხიდით სარგებლობდა, რომელსაც მდინარე ყოველი ადიდებისას აზიანებდა და მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა.