მამუკა მდინარაძე დავით-გარეჯზე: სალომე ზურაბიშვილისკენ უნდათ ისრების გადატანა, მაგრამ ფაქტებს ვერსად წავუვალთ
“ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს, როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომლითაც მიღებული იქნებოდა საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი – სალომე ზურაბიშვილი, მდინარაძე პასუხობს, რომ 2006-2007 წლებში ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო.
“სალომე ზურაბიშვილი, როგორც მახსოვს, 2006 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყო. აქ საუბარია 2006-2007 წლების მოვლენებზე. რაც უნდა სხვა საკითხები მოვიძიოთ და სადღაც გადავიტანოთ ისრები ამ ნარატივში არ ჩავჯდებით იმიტომ, რომ თარიღები არ ემთხვევა. ახლა უნდათ სალომე ზურაბიშვილისკენ ისრების გადატანა, რომელიც ახლა აღმოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრი იმ პერიოდში, მაგრამ ფაქტებს ვერსად წავუვალთ. “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს 2006-2007 წლებში როდესაც მიდიოდა საზღვრის დადგენის პროცესი და შეთანხმება, მაგიდაზე არ იყო ის რუკა, რომლითაც მიღებული იქნებოდა საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება”, – განაცხადა მდინარაძემ.