გიორგი გაბედავა: ვანო მერაბიშვილი, ცხრა წელი კი არა 29 წელი, რომ იჯდეს ციხეში, ის, მაინც საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავე იქნება
ვანო მერაბიშვილი, ცხრა წელი კი არა 29 წელი, რომ იჯდეს ციხეში, ის, მაინც საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავე იქნება, – ამის შესახებ “ქართული მარში, ეროვნული მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ ბრიფინგზე გნაცხადა.
გაბედავას მტკიცებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს შტაბს ხელმძღვანელობს.
„ქართული მარშის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა მმართველ გუნდს უნიათო, უწოდა, რადგან გაბედავას მტკიცებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს „დამნაშავეების“ დასასჯელად.
“ოცნებამ ციხეში ჩასვა ვანო მერაბიშვილი იმიტომ, რომ მომხდარიყო მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ვერ მოხდება. ვანო მერაბიშვილი, ცხრა წელი კი არა 29 წელი, რომ იჯდეს ციხეში, ის, მაინც საერთაშორისო სისხლის სამართლის დამნაშავე იქნება”, – განაცხადა გიორგი გაბედავამ.
ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი გუშინ ზუგდიდში რესტორან „მენძელში“ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივები მას დაუპირისპირდნენ. მოქალაქეებმა მერაბიშვილს, მის მინისტრობის პერიოდში ჩადენილ “სისხლიან” საქმეებს ახსენებენ და აცხადებენ რომ ე.წ. კასრების საქმის ავტორს სამეგრელოში ჩამოსვლის მორალური უფლება არ აქვს. სიტყვიერი დაპირისპირება სამართალდამცველებმა განმუხტეს.
მეორე დღეა ვანო მერაბიშვილი კონსპირაციულ შეხვედრებს მართავს. თუ რა მიზნით იმყოფება მერაბიშვილი სამეგრელოში, ამ ეტაპზე, უცნობია.