ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს ნაყოფი მუცლადყოფნისას დაეღუპა
ბათუმის სამშობიარო სახლში, კორონავირუსით ინფიცირებულმა ორსულმა პაციენტმა ნაყოფი დაკარგა. ფეხმძიმემ სამკურნალოდ კლინიკას ოთხი დღის წინ მიმართა. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ „რეგიონულ კვირას“ განუცხადა, დღის განმავლობაში ბავშის გულისცემა ისმოდა, საღმოს კი პულსის მოქმედება შეწყდა.
„როცა მონიტორინგს ვახორციელებდით, ბავშვის გულისცემა ისმოდა, საღამოს კი აღარ ისმოდა. სამშობიარო სახლში ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა განვახორციელეთ, თუმცა ჩვენი მცდელობა ამაო აღმოჩნდა. გამოვიძახეთ ექოსკოპისტი და კვლევითაც დავადასტურეთ, რომ ნაყოფს არ ჰქონდა გულისცემა. კონსილიუმით გადაწყდა, რომ ნაყოფი მკვდარი იყო და უნდა მოცილებულიყო. სამწუხაროდ ვერაფერს მოვიმოქმედებდით. ნაყოფი 26 კვირის იყო. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. “, – ამბობს ნუგზარ პაპავა.
თუ რამ გამოიწვია ნაყოფის დაღუპვა, ამ ეტაპზე კლინიკაში ზუსტი პასუხი არ აქვთ.
ბოლო მონაცემებით ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსზე 21 ორსული ქალი მკურნალობს.