მარტვილის საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზადაა

მარტვილის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის აქტიურად ემზადებიან, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სააღმზრდელო ჯგუფების მოწესრიგებასთან ერთად, მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესასრულებლად აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფა.

“ახალი სააღმზრდელო წლისთვის ა(ა)იპ სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრმა საბავშვო ბაგა-ბაღებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად მარტვილის მუნიციპალიტეტის ოცდაერთივე საბავშვო ბაღისთვის სამზარეულოს ინვენტარი, პირბადეები, საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები შეიძინა.

საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის აქტიურ სამზადისს დღეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ცენტრის წარმომადგენელებთან ერთად გაეცნო.

აღინიშნა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სიახლეებით ხვდებიან. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება.

2014 წლიდან დღემდე აშენდა ბალდის, ინჩხურის, სერგიეთის, პირველი ნამიკოლაოს, აბედათის საბავშვო ბაღები. 2019 წელს გაიხსნა 3 საბავშვო ბაღი – ინჩხურის, სერგიეთის და თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულებში. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 17 საბავშვო ბაღს.

ასევე, მარტვილის მუნიციპალიტეტში დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ონოღიაში და სოფელ ქვედა ხუნწში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. ქალაქ მარტვილში №1 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბანძის და დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი, თანამედროვე სტანდარტების, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება. სამუშაოებისათვის ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა”, – ნათქვამია მარტვილის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები