ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი კეთილმოწყობილი საავტომობილო გზით სარგებლობს
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით 2019-20 წლებში მასშტაბური პროექტები განხორციელდა, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი უკვე სარგებლობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზებით.
,,ჩვენთვის, როგორც მაღალმთიანი მხარისთვის, სოფლებთან დამაკავშირებელი გზების მოწესრიგება ძირითად პრიორიტეტად რჩება. ამ მხრივ, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი ბიუჯეტით, ფართომასშტაბიანი სამუშაოები ტარდება და სოფლების ნაწილი უკვე სარგებლობს კეთილმოწყობილი ასფალტირებული გზებით.
განხორციელებულ პროექტებს შორისაა ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია, რაც ჯამში 8 სოფელს მოიცავს, ასევე მნიშვნელოვანია წესი-ურავის საავტომობილო გზის ასფალტირება, რომელიც მუდმივად პრობლემურ მონაკვეთს წარმოადგენდა და განხორციელებული სამუშაოების შედეგად ლიხეთის თემის სოფლები მოწესრიგებული საავტომობილო გზით სარგებლობენ, დასრულდა ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის გზისა და სოფ. კრიხისა და სოფ. ჭყვიშის გზების რეაბილიტაციაც, ასფალტის საფარი მოეწყო ქ. ამბროლაურისა და სოფ. ჭრებალოს შიდა ქუჩებზე, ამჟამად ხორციელდება ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა, რაც ითვალისწინებს კოსტავას ქუჩაზე გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული პროექტების გარდა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები პერიოდულად
ახორციელებენ გზების გაწმენდით სამუშაოებს, რაც ითვალისწინებს სოფლებთან
დამაკავშირებელი განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას,
რათა გადაადგილება შესაძლებელი იყოს ყველა სახის სატრანსპორტო
საშუალებისთვის.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები, ადგილობრივ მოსახლეობასთან პერიოდული შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით, არსებული ფინანსური რესურსის შესაბამისად ხორციელდება და ვცდილობთ ეტაპობრივად ყველა ის სფერო მოვიცვათ, სადაც გარკვეული პრობლემები შეინიშნება“, – აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.