ემიგრაციის 12 წელი და დედის ნაჩუქარი “ღვთისმშობლის დაუჯდომელით” გადარჩენილი სოფო ქარსელაძის ისტორია

12 წელი ემიგრაციაში და უცხო ქვეყანაში წასვლამდე დედისგან ნაჩუქარი “ღვთისმშობლის დაუჯდომელი”, რომელსაც დღემდე თან ატარებს. 49 წლის სოფო ქარსელაძის ემიგრანტობის ისტორია 2008 წელს დაიწყო. მაშინ, როცა ქვეყანაში ომი ახალი დამთავრებული იყო და ეკონომიკური სიდუხჭირე იდგა. უკიდურესმა გაჭირვებამ სოფო იძულებული გახადა საბერძნეთში სამუშაოდ წასულიყო. სამშობლოში 4 შვილი დატოვა. იმ პერიოდის გახსენება ახლაც უმძიმს. ამბობს, რომ დედის ნაჩუქარმა დაუჯდომელმა ის სულიერად გადაარჩინა, შვილების კეთილდღეობაზე ფიქრმა კი მისთვის წარმოუდგენელიც შეაძლებინა.
მალევე სოფოს მეუღლეც მის გზას გაჰყვა, საზღვარი ფეხით გადაკვეთა, საბერძნეთში ჩავიდა და სოფოსთან ერთად სამუშაოდ მოეწყო.

“მაშინ დიდი რესურსი გავიდა საქართველოდან და ამ ეტაპზე არ არსებობს პროგრამა, რომელიც ამ ძალას უკან დააბრუნებს”, – სოფო ქარსელაძე

“წამოსვლის გადაწყვეტილება იყო საშინელი, მოვკვდი. პატარა მხოლოდ 14 თვის იყო, ბუნებრივ კვებაზე მყავდა და რძე საბერძნეთში გავიშრე. წასვლის გადაწყვეტილებით ისე ვიყავი განადგურებული, სიარულიც კი მიჭირდა, თუმცა დილაუთენია ვდგებოდი, ფოფოდია ახლომდებარე ტაძრის კარს მიღებდა და დაჩოქილი მთელ ტიპიკონს ორივე ცრემლით ვკითხულობდით“, – იხსენებ სოფო.

თავდაპირველად მუშაობა მოხუცის მომვლელად დაიწყო, დამსაქმებელი მორწმუნე იყო და თავისუფალ დროს სოფოს იქვე აგებულ ტაძარში სალოცავად უშვებდა. ათენში მდებარე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში, სადაც წირვა-ლოცვას არქიმანდრიტი აბიბოსი-ტარიადისი, საქართველოს წარმომადგენელი საბერძნეთში, ქართულად აღავლენს, მრევლი გახდა. მალე ტაძარში საქველმოქმედო ფონდში მიიწვიეს, უფასოდ სისხლის დონორიც გახდა. მას შემდეგ, ქართველი ემიგრანტები გამართულ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად სოფოს ყოველთვის იწვევენ და ისიც აქტიურადაა ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში.

„ჩემში უამრავი დაუწერელი ისტორიაა, მე ვიცხოვრე სასწაულებით და ეს დეტალები სტატიისთვის არ გამოდგება – როგორ გინდა, ვინმეს აუხსნა, ყველგან რომ ღვთისმშობლის ხატი მწინამძღვრობს.. დაწერეთ ზოგადად ემიგრანტებზე, ფონად კი ჩემი 12-წლიანი „ეპოპეა“ გამოიყენეთ. როგორც პავლე მოციქულის ეპისტოლეშია – უძლურებაში ვხდები ძლიერი“,- ამბობს სოფო.

ემიგრანტმა ქალმა ყველაზე უმძიმეს ავადმყოფებს მოუარა, ერთ-ერთ მძიმე ავადმყოფს უთქვამს – ჩემი უმძიმესი ცხოვრების გზაზე ორ დიდებულ ადამიანს შევხვდი, ერთი შენ ხარო. მსგავსი დამოკიდებულება შვილებს მონატრებულ დედას მეტ სტიმულს აძლევდა და მუშაობას გაორმაგებული ძალით აგრძელებდა. კარნიცის ეპისკოპოსმა სერაფიმემ, რომელიც სოფოს ერთ-ერთი პაციენტი იყო, სიკვდილის წინ ანდერძით საკუთარი ოლარი დაუტოვა. ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია.

შემდეგ იყო ათენის სამხედრო საავადმყოფო…

„ერთ დღესაც ვხედავ, საავადმყოფოს ეზოში მონაზვნები დადიან, ექთნებისგან შევიტყვე, რომ წმ. გიორგის ეკლესიის იღუმენია მძიმე მდგომარეობაში ჰყავდათ მოყვანილი, მაშინვე მისი პალატისკენ წავედი, პირდაპირ მივედი და უძლურს ჩავჩურჩულე-მინდა უსასყიდლოთ დაგეხმაროთ-მეთქი. ღიმილით წამოიწია და მისუსტებული ხმით მკითხა – წმინდა გიორგიმ გამოგგზავნა ალბათ ჩემს გადასარჩენადო..”,-ამბობს სოფო.
ლეჩხუმელმა ემიგრანტმა საქართველოში საბერძნეთის ყოფილ ელჩთან -კონსტანტინა მავრო სკლირიდუსთანაც იმუშავა. სკლირიდუსი საქართველოზე უზომოდ იყო შეყვარებული, სოფოს სამშობლოში მიღებული ყველა ძვირფასი საჩუქარი ერთად შეკრიბა და სოფო ქარსელაძეს აჩუქა წარწერით – „რა სამუშაოსაც არ უნდა ასრულებდე, სადაც არ უნდა იყო, შენ ხარ ქალი, რომელსაც ამ ქვეყნად ყველაფერი აქვს“.

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ პირველად მაშინ მოახერხა წლების უნახავ შვილებთან შეხვედრა.
„უვიზო რეჟიმი რამხელა საშველი იყო, ვერც წარმოიდგენთ. ზოგ ემიგრანტს 15 წელი არ ჰყავდა შვილები ნანახი, ჩემი პატარა შვილი აქ 2 წლის წინ ჩამოვიყვანე. ჩემს გარეშე გაიზარდა.. ძალიან საინტერესო ბიჭი და ადამიანია, გიტარაზე და დრამზე კარგად უკრავს, მანამდე დედა ბებო ეგონა, ახლა უკვე იცის, რომ მე ვარ მისი დედა..“,-ამბობს და სხვა შვილებზეც გვიყვება-უკვე სამი შვილიშვილის ბებიაც ვარ, უფროსი, მარიამ ხურციძე- 2 შვილის დედაა პარლამენტში მუშაობს, დოქტორანტია, ანნა – სტომატოლოგი, გაბრიელი – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი 100 პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით, გიორგი, ყველაზე პატარა, ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეა ეს ის ბიჭია 14 თვის რომ დავტოვე“…
კითხვაზე – უკან დაბრუნდება თუ არა,  სოფოს დამაჯერებელი პასუხი აქვს – „დავბრუნდები! უკვე გზა გამოჩნდა!“

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები