კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა, 13 გამოჯანმრთელება – ეპიდვითარება სამეგრელო-ზემო სვანეთში
გასული დღე-ღამის განმავლობაში ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 346 ბიოლოგიური ნიმუშიდან, კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა, 13 კი გამოჯანმრთელდა – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალოების შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მედიას განუცხადა.
მისივე განმარტებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
“8 ახალი შემთხვევიდან 3 შემთხვევა დადასტურდა ზუგდიდში, მათ შორის 1 ოქროს ბირჟის კლასტერის კონტაქტია. 2 თბილისში გამოვლენილის კონტაქტია, 1 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, რომელიც ასევე წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარჩენილი 4 კი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები არიან, რომლებიც რუხის კლინიკაში ცხელების სიმპტომით შეიყვანეს”, – განაცხადა თორიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, რეგიონში ჯამში 202 ინფიცირებულია. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 73 პაციენტი გადის, მათგან 20-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება ფოთს, ქალაქის კოვიდცენტრში 33 პირი მკურნალობს.
ცნობისთვის, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 553-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა, ჯამურად, 66-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 824 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1310-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.