“ენმ”-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ფიფიას ურთიერთგამომრიცხავი პასუხები როლანდ ახალაიასთან დაკავშირებით
არაფერი მითქვამს, თავი დავაქნიე, კაცი მახლდა, გამარჯობა ვუთხარი, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, როლანდ ფიფიამ “რეგიონული კვირის” კითხვას – გამარჯვების შემთხვევაში დაუჭერს თუ არა მხარს როლანდ ახალაიას საოლქო პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნებას. ეს მაშინ, როცა ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატმა “რეგიონული კვირის” მიერ რამდენიმე საათით ადრე დასმულ იმავე შეკითხვას თავის გაქნევით უპასუხა, რაც ჟესტიკულაციის ენაზე უარყოფას ნიშნავს.
ამჯერად, ფიფიამ განმარტა, რომ თუ გაიმარჯვებს, მას აღნიშნულის უფლება მანდატით არ ექნება და რომ საოლქო პროკურორებს პრემერ-მინისტრი დანიშნავს.
“მე საპარლამენტო კანდიდატი ვარ, საკანონმდებლო ორგანოში ვირჩევი და სამთავრობოში ვინ დააბრუნებს მომავალი პრემიერი გადაწყვიტავს ამას. ჯერ არავინ ვიცით, ვინ იქნება და მხარს როგორ დავუჭერ“, – თქვა როლანდ ფიფიამ.
აღსანიშნავია, რომ მხარის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია, რომელიც აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის ოლქში “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა და მოსახლეობასთან შეხვედრებიც კი ჰქონდა უკვე დაწყებული, როლანდ ფიფიას მარტვილში გამართულ შეხვედრებზე არ გამოჩენილა.
ფიფიას მტკიცებით, ამის მიზეზი ზაზა გოროზიას მოუცლელობაა. ამასთან, ენმ-ს კანდიდატმა უარყო გავრცელებული ინფორამცია, თითქოს მასსა და გოროზიას შორის, ამ უკანასკნელის “ნაცმოძრაობის” საარჩვნო სიაში ვერმოხვედრის გამო, დაპირისპირებაა.