ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი აღნიშნავს, სამივე გარდაცვლილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა.
“დღეის მონაცემებით, კლინიკაში გარდაიცვალა სამი პაციენტი, 68 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც რთული იყო შემოყვანისთანავე, ასევე გარდაიცვალა 64 წლის ქალი, რომლის დიაგნოზიც COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ასევე თანმხლები დაავადება ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი და ჭარბწონიანობა იყო. ასევე 84 წლის კაცი, დიაგნოზით: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი”, – განაცხადა გია კიკაბიძემ.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში 9 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. რეანიმაციაში 24 პაციენტია მოთავსებულია.
აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი მკურნალობს, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.