ირაკლი ხახუბია: ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია სენაკში ზოგადსაგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შეხვედრაზე ირაკლი ხახუბიამ ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საგანმანათლებლო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც გათვლილი იყო სკოლის, მოსწავლისა და პედაგოგის საჭიროებებზე.
,,ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. ჩვენთვის მისაბაძია და განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს პროფესია აირჩია და ჩვენი მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.
კარგ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის ცხოვრება განაპირობოს და შეცვალოს ქვეყნის მომავლი უკეთესობის. მასწავლებელი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ოჯახი და ოჯახში მიღებული აღზრდა.
მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ღვაწლმოსილი, მხცოვანი პედაგოგების მიმართ და მათ მადლობა გადავუხადო ხანგრძლივი შემოქმედებითი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ბედნიერების განცდა მეუფლება, როდესაც სასკოლო ცხოვრებას და ჩემს ძვირფას პედაგოგებთან გატარებულ წლებს და მასწავლებლების იმ ამაგს ვიხსენებ, რასაც ახლა კიდევ მეტად ვაფასებ, უკან რომ ვიხედები.
ჩვენო ღირსეულო პედაგოგებო, მინდა დიდი ხნის სიცოცხლე, სულის სიმხნევე და თქვენს უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში წინსვლა და წარმატებები გისურვოთ.
მე პირადად, ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ყოველთვის ვიდგებით თქვენს გვერდით და შევეცდებით თქვენი საქმიანობის ღირსეულად დაფასებას.
ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმის გაკეთებას გპირდებით, რომ მასწავლებლებს გქონდეთ ადეკვატური შრომის გარემო, ვიზრუნოთ თქვენს ღირსეულ ანაზღაურებაზე, ჯანდაცვაზე, პროფესიულ განვითარებაზე და ხელი შეგიწყოთ თქვენი ღირსეული საქმის კეთებაში – ჩვენს მომავალ თაობებზე ზრუნვაში.
ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების სისტემის განვითარება – მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება და სკოლებში განახლებული ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მომავალი განათლებაშია” – აღნიშნა ირაკლი ხახუბიამ.