მარტვილის მუნიციპალიტეტში გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტს მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში დაიგება 2,400 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების, რკინა-ბეტონის არხების, გაბიონების, გზის გადამკვეთი ლითონის მილების, ლითონის ცხაურებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობას. პროექტის ღირებულება 924 999 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2021 წლის აპრილში დასრულდება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიულია და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდა ბანძა-ონოღია-მუხურჩის დამაკავშირებელი და აბედათის გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტალერი-ნობულევის და დიდი ჭყონი-მეროე ნამიკოლაოს გზების რეაბილიტაცია. სულ მალე დაიწყება კურზუში სანაჭყებიოს გზის და მარტვილში ხარების სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.