ბათუმში საკრებულოს წევრს “ნაციონალური მოძრაობიდან” და აჭარის უმაღლეს საბჭოს სიის ათეულის მე-5 ნომერს, ლევან ანთაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” თავად ანთაძემ დაუდასტურა. როგორც მან აღნიშნა, ტესტის დადებითი პასუხი გუშინ მიიღო. მნიშვნელოვანი დეტალი ამ ამბავში ისაა, რომ 1 ოქტომბერს ლევან ანთაძე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, ბათუმში გამართულ ხალხმრავალ ღონისძიებაზე, პარტიული სიის წარდგენაზე იმყოფებოდა და უამრავ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა. შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში თავად ლევან ანთაძემაც გაავრცელა. თუმცა “ნაცმოძრაობის” აჭარის რეგიონულ ოფისში “რეგიონულ კვირას” უთხრეს, რომ ლევან ანთიძე ბოლო დღეების განმავლობაში ხალხმრავალ შეხვედრებზე არ ყოფილა, რაც შეეხება სიის წარდგენას, პრესსამსახურის განცხადებით ანთაძე ამ შეხვედრას პირბადით დაესწრო. სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოებში ირკვევა, რომ ანთაძე წარდგენის შემდეგ მოსახლეობასთან ახლო კონტაქტში პირბადის გარეშეა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, კორონავირუსი “ნაცმოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამასაც დაუდასტურდა. ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა ლევან ვარშალომიძეც. “რეგიონული კვირა” ვარშალომიძესთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ამ დროისთვის, უცნობია გამოკვლეულია თუ არა კოვიდინფექციაზე თავად ვარშალომიძე და მისი კონტაქტები. გარდა ორი დღის წინ გამართული პარტიული ღონისძიებისა. ვარშალომიძე და ანთაძე აქტიურად ხვდებოდნენ მოსახლეობას, რაც მათი სოციალური ქსელის გვერდებიდანაც დასტურდება. შესაბამისად, მათი კონტაქტები საკმაოდ ვრცელია.