შუა ხორგაში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შუა ხორგაში, სალატარიოს უბანში შეუფერხებლად მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
შლამისა და ნალექისგან არხის 5 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება.
სამელიორაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება და უხვი ნალექის შემთხვევაში, მოსახლეობის საცხოვრებელი ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დაიტბორება.
მერიის ინფორმაციით, დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია თვის ბოლოს დაასრულებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ დაათვალიერეს.
ხობის მუნიციპალიტეტში წელს სამელიორაციო სამუშაოები ასევე ჩატარდა საგვიჩიოში, ჭალადიდში, ზემო ქვალონში და გურიფულში. ნატანი მასისაგან გაიწმინდა არხები და კვალთაშორისი ორნატები, რომელთა საერთო სიგრძე 40 000 მეტრს შეადგენს.
ხობის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 5 მლნ ლარს შეადგენს.