მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ჯანდაცვის მიმართულებით 2684 ბენეფიციარს დაეხმარა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანდაცვის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიაზე 54 ბენეფიციარის განცხადება განიხილეს. ყველა მათგანის განცხადება დაკმაყოფილდა, მათ შორის, ძვირადღირებული მედიკამენტები, კომპიუტერული გამოკვლევები და ოპერაციის თანადაფინანსება.
ზუგდიდის მერის მოადგილის კონსტანტინე კაკავას განცხადებით, ხელისუფლებისთვის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში არაერთი მნიშვნელოვანი მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა. ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობის შესაქმნელად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რუხში ავაშენეთ საუნივერსიტეტო კლინიკა, გავხსენით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა, 2017 წელს ზუგდიდში გაიხსნა C ჰეპატიტის მართვის ცენტრი. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქისთვის მკურნალობა სრულიად უფასოა. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ მოქალაქეებისთვის დამატებით მომსახურების გაწევას. წელს გვაქვს სიახლე – ბავშვებისთვის, რომლებსაც სმენის პრობლემები აქვთ, ჩვენ სმენის აპარატებს შევიძენთ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია” – აღნიშნა მერის მოადგილემ.
წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ჯანდაცვის მიმართულებით 2684 მოქალაქის დახმარება შეძლო.