ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ირაკლი ბებუას ბრალი წაუყენეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო დროშის დაწვის გამო დაკავებულ ირაკლი ბებუას ბრალი საბრძოლო მასალების უკანონო შენახვისთვის წაუყენეს. Ekhokavkaza-ს ინფორმაციით, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ე.წ. სამართალდამცველებმა RG-42 ტიპის ფრაგმენტული ხელყუმბარა ამოიღეს.
„ამ დროისთვის ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული სასჯელი, 30-დღიანი პატიმრობა“, – ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი ბებუას ე.წ. გამოძიება დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფას, დამამძიმებელ გარემოებებში სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების და მოწყობილობების უკანონო შეძენას, გადაცემას, რეალიზაციას, ტრანსპორტირებასა და ტარებას ედავება.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად გალში საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის გამო დააკავეს.