,,ქართული ოცნების” პროგრამას გარემოს დაცვითი მიმართულებით ოთხი ძირითადი საფუძვლისგან შედგება”
,,ქართული ოცნების” პროგრამას გარემოს დაცვითი მიმართულებით ოთხი ძირითადი საფუძვლისგან შედგება – დემოკრატიული გარემოსდაცვითი მმართველობა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლისა და ჰაერის დაცვა, ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობა- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, მაია ბითაძემ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
“ქართულ ოცნება ეს არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოსვლისთანავე აღადგინა პრაქტიკულად გაუქმებული გარემოსდაცვითი მართვისა და კონტროლის სისტემა. 2012 წლიდან დღემდე აღდგა და გაფართოვდა სრულიად მოშლილი ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელი. პირველად საქართველოში, სტიქიური მოვლენების რისკის პრევენციის მიზნით, დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ატმოსფერული ჰაერის დაცვას, გამკაცრდა მოთხოვნები საწვავის ხარისხის მიმართ – დღეს, საქართველოში ,,ევრო – 5” სტანდარტის ბენზინს მოვიხმართ. შეიქმნა საფუძვლები ამტვერებადი მასალის კონტროლის კუთხით, შეიქმნა კანონმდებლობა ტყის, ნარჩენების, რადიაციული უსაფრთხოების, საზოგადოების ჩართულობისა და გარემოს დაცვითი მმართველობის სფეროებში. შეიქმნა 26 ახალი დაცული ტერიტორია – 281 ათასი ჰექტრით გაფართოვდა დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი და მან საქართველოს მთელი ტერიტორიის დაახლოებით 12 პროცენტი მოიცვა. დაინერგა ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის 500 კილომეტრზე მეტი სატყეო გზა, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში ,,ქართული ოცნება” ჯანსაღი საარსებო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს მასშტაბური რეფორმების გატარებას გარემოს დაცვის მიმართულებით. მომდევნო წლების განმავლობაში შეიქმნება 180 ათას ჰექტარზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია. ბუნებრივ რესურსებზე, ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით და ასევე, მწვანე, ტყის ნარჩენის ეფექტიანი გამოყენების მიზნით, წახალისდება ალტერნატიული საწვავის გამოყენება, მათ შორის ბიომასის გამოყენება. ხელი შეეწყობა ტყის რეკრეაციული მიზნით გამოყენებას, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას, რის პოტენციალიც ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი აქვს. გაგრძელდება ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა. საწარმოებისთვის შეიქმნება თანამედროვე, ევროპული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რაც იმის საწინდარია, რომ გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.
ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დაცვის სისტემების კონტროლი გაიზრდება და გაფართოვდება შესაბამისი ქსელი. ყველა სტიქიურად აქტიურ ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის, ხელი შეეწყობა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას იმისთვის, რომ ნარჩენიდან ახალი პროდუქტი მივიღოთ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალაქებში სწორ ურბანულ განვითარებას, გამწვანებასა და ჰაერის ხარისხის შენარჩუნებას, მათ შორის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების გზით. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქართული კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში, თვისობრივად დაუახლოვდება ევროკავშირის კანონმდებლობას, მათ შორის მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით”,- განაცხადა მაია ბითაძემ.