ივანე მაჭავარიანი: საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა
საქართველო კვლავაც იქნება აღიარებული როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას.
როგორც ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნული რეფორმების შედეგად ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს.
„მყარად იქნება დაცული საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. შენარჩუნდება საბიუჯეტო გადასახადების დაბალი დონე, გაგრძელდება სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდამჭერი პროექტების დაფინანსება გაღრმავდება ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები”, -აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, 2024 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 85%-ის შესრულება.
„დასრულდება სახელმწიფო საწარმოების, დღგ-ის ავტომატური დაბრუნების, კაპიტალის ბაზრის, საპენსიო, წიაღის, გადახდისუუნარობის, მეწარმეთა შესახებ კანონის, ენერგეტიკისა და საგადასახადო დავების რეფორმები. შედეგად, ქართული ეკონომიკა უკვე მომავალ წელს დაუბრუნდება პანდემიამდე ნიშნულს, ხოლო 2024 წლამდე, სულ მცირე, 40%-ით გაიზრდება, შეიქმნება დამატებით 200 ათასი სამუშაო ადგილი. ყველაფერი ეს კი ნიშნავს მეტ კეთილდღეობას თითოეულ ოჯახში და საქართველოს ეკონომიკის ინტეგრაციას ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.