თავს ვალდებულად მივიჩნევ, ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს, და ვაჩვენო, სად ვიყავით 8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლება გადავიბარეთ და სად ვართ ახლა – ბიძინა ივანიშვილი

„დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც უკვე ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც ქართველი ხალხის ერთობის, თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლო. 2012-ში, ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით, შიშისგან, ჩაგვრისა და ძალადობისგან უნდა გვეხსნა ხალხი, და ქვეყანა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, პროგრამას „ქართული ოცნების” სხვა ლიდერები წარმოადგენენ, ხოლო თვითონ კი, როგორც თავად აღნიშნა, თავს ვალდებულად მიიჩნევს, ქართველ საზოგადოებას 8 წლიანი ანგარიში ჩააბაროს:

„დღეს, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებიდან 8 წლის თავზე, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თავისუფლებას ბრძოლით მოპოვება აღარ სჭირდება, სადაც განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო, ადამიანებს აღარ დევნიან, სადაც ხელისუფლების შიში და ძალმომრეობა, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, სადაც სახელმწიფო ადამიანისთვის არსებობს, და არა პირიქით.

დღეს, ჩვენი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, ხალხს სთავაზობს პროგრამას, რომელმაც შეუქცევადი უნდა გახადოს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა, და მნიშვნელოვნად შეცვალოს უკეთესობისკენ თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება.

პროგრამას, დღეს „ქართული ოცნების” სხვა ლიდერები, ჩემი ახალგაზარდა კოლეგები წარმოგიდგენენ. მე კი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ჩემს ხალხს, და ვაჩვენო, სად ვიყავით 8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლება გადავიბარეთ, და სად ვართ ახლა.

რამდენადაც არასასიამოვნო მოსასმენი უნდა იყოს, ჩვენ უდავოდ ვალდებულნი ვართ ობიექტურად შევაფასოთ და, არა მარტო ჩვენს ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს, საქართველოს ყველა მოკავშირესა და მეგობარს, კიდევ ერთხელ, პირუთვნელად და მიუკერძოებლად შევახსენოთ, როგორი დესპოტური და კაცთმოძულე ხელისუფლების პირობებში მოუწია ქართულ საზოგადოებას ცხოვრება, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, რა მემკვიდრეობა ჩავიბარეთ წინა ხელისუფლებისაგან, და რისი გაკეთება შევძელით განვლილი ურთულესი წლების განმავლობაში.

მტკიცედ მჯერა, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, უამრავ დამპყრობელთან შეუდრეკელი ბრძოლის შედეგად გამომუშავებულმა გენეტიკურმა გამძლეობამ, შეაძლებინა ჩვენს უშიშარ ხალხს, გაერთიანებულიყო, და „ქართულ ოცნებასთან” ერთად, დაემარცხებინა რეჟიმი, რომელიც მომხდურ მტერზე არანაკლებ დაუნდობლად, და სასტიკად ექცეოდა საკუთარ საზოგადოებას”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები