ბიძინა ივანიშვილი: ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა “ნაციონალურ მოძრაობას”
გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა “ნაციონალურ მოძრაობას” და მათთვის სადავეების დაბრუნებას – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“წითელ ლენტს არ ვჭრიდით თითო კილომეტრ დაგებულ გზაზე, არ ვპირდებოდით ხალხს მილიონიანი ქალაქების ორ წელიწადში აშენებას და საუკუნის პროექტებს არ ვართმევდით მათ, ვიწრო კოშკში ჩადგმულ საბავშვო ატრაქციონს ტექნელოგიურ უნივერსიტეტად არ ვასაღებდით, არ ვაშენებდით მოჩვენებით კეთილდღეობას. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწორებდით მათ გამრუდებულს და ამიტომ შეგვრაცხეს უნიათოებად, თუმცა მათ გასაკვირად სიცრუემ არ იმუშავა. გამჭრიახმა ქართველმა ხალხმა სატყუარა არ მიიღო და ზედიზედ ხუთ არჩევნებში უარი უთხრა “ნაციონალურ მოძრაობას” და მათთვის სადავეების დაბრუნებას. პერმანენტული მარცხით გაწბილებულებმა და ხელმოცარულებმა სხვა გზა, რომ ვერ ნახეს, ბოროტად ისარგებლეს ხელისუფლების უნებლიე შეცდომის აღელვებული ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტით და მათ ხარჯზე სცადეს ძალაუფლების არალეგიტიმური გზით დაბრუნება. საქართველოს პარლამენტზე მიიტანეს ძალადობრივი შტურმი. სახელმწიფომ გაუძლო ამ გამოწვევას და აღკვეთა ამბოხი, რასაც შედეგად ჩვენდა სამწუხაროდ თითოეული დემოსტრანტის და სამართალდამცველის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.