ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ოცნებას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ასრულება არ უწერია
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ოცნებას ხელისუფლებაში დაბრუნების თაობაზე, ასრულება არ უწერია.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, მმართველი პარტიის დასახული მიზნები შესრულებულია.
„მათი ოცნება იყო ხელისუფლებაში დაბრუნება და ამ ოცნებას არ უწერია ასრულება. რაც შეეხება ჩვენს მიერ დასახულ მიზნებს, ეს მიზნები პრინციპულად შესრულებულია. გვქონდა ჩვენ სახეზე დემოკრატიული გარდატეხა, ეკონომიკის კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, სოციალური მიმართულებითაც რამხელა პროგრესი იყო?! საგარეო მიმართულებას რაც შეეხება, აქ საერთოდ ცა და დედამიწაა რაც ხდებოდა 2008-2012 წლებში და რაც ხდება დღეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ პრინციპული გარდატეხა ქართულ პოლიტიკაში და ამაზე გვექნება დღევანდელი პრეზენტაცია“, – განაცხადა კობახიძემ.