მირანდა მესხი: აპოლიტიკური წევრები გახადეს პოლიტიკურად ანგაჟირებულები და თავიანთ ნებას დაქვემდებარებულები
„ჩვენთან არც ერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრი, არ არის ზეწოლის ქვეშ და ყველა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს“, – ასე უპასუხა ოპოზიციური პარტიიდან საარჩევნო კომისიის წევრების ბრალდებებს ზუგდიდის N67 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, მირანდა მესხმა.
საარჩევნო ადმინისტრაცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრებს სამუშაო პროცესის ხელისშეშლაში ადანაშაულებს.
„ჩვენთან არც ერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრი, არ არის ზეწოლის ქვეშ და ყველა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს. თვითონ, თავიანთ წევრებზე ახდენენ ზეწოლას, აპოლიტიკური წევრები გახადეს პოლიტიკურად ანგაჟირებულები და თავიანთ ნებებეს დაქვემდებარებულები. წუხელ ინვენტარის გადაცემის პროცესს გვიანობამდე ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თუ ვის რა ინვენტარი გადაეცემოდა. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარებაა და გამომდინარე აქედან უბნებზე, აუცილებლად უნდა ჰქონოდეთ თერმოსკრინინგის აპარატები სადეზინფექციო ხსნარები და ამომრჩევლების ერთიანი სიები საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს და ამ ერთი თვის განმავლობაში, ამომრჩეველმა უნდა გადაამოწმოს საკუთარი მონაცემები, საჭირო არის თუ არა ცვლილებების შეტანა, უკვე თვის ბოლოსთვის კი, დაზუსტებული გვქონდეს ამომრჩეველთა ერთიანი სიები. ამ პროცესს კი ისინი მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს და ბლოკირებული ჰქონდათ, საარჩევნო კომისიის შესასვლელი“, – განაცხადა მირანდა მესხმა.
მირანდა მესხის ინფორმაციით, მიუხედავად ოპოზიციური პარტიის მიზანმიმართული პროვოკაციის მცდელობისა, საარჩევნო უბნებზე, პირველი სხდომა დღეს უკვე ჩატარდა. მესხის განმარტებით, ზუგდიდის N67-ე ოლქში შემავალი 107 საარჩევნო უბნიდან 104 გახსნილია.
„პირველი სხდომის გახსნასთან დაკავშირებით, 107 უბანზე ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას, მაგრამ 107 უბნიდან 104 უბანი არის მხოლოდ გახსნილი. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამ უბანზე კი ეს, ვერ მოხერხდა. ესენია თემის #62-ე და მე-100 უბანი, ხოლო ქალაქში მე-19 უბანი. შესაბამისად, 104 უბანზე უკვე არჩეულია კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები”, – განაცხადა მესხმა.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის N67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან უკვე მეორე დღეა პრეტენზიებს გამოთქვამენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებაში, საარჩევნო უბნებზე საკუთარი პარტიიდან წარმოადგენლების დაშინებასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ასევე, ენმ-დან საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს პროტესტის ნიშნად დღეს, ხელი არ მოაწერეს.