ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს პროვოკაციებსაც კი

“აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლა თანდათანობით რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად იქცევა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძემ მმართველი გუნდის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

“პარტიისა და საარჩევნო შტაბის სახელით, გვინდა გამოვხატოთ შეშფოთება ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი პროვოკაციებისა და ინციდენტების გამო. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც მათ ვესაუბრებოდით სიფრთხილის აუცილებლობაზე. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის უმძიმესი საარჩევნო რეიტინგების ფონზე, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ პროვოკაციების მოწყობას. ამის თაობაზე ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს აქტივისტებსაც, მოვუწოდებდით მათ და ახლაც ყოველდღიურ რეჟიმში მოვუწოდებთ, არ აყვნენ უმძიმეს პროვოკაციებსაც კი. ამგვარი გაფრთხილებებით ჩვენ შევძელით არაერთი ინციდენტის თავიდან არიდება სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. სამწუხაროდ, პრევენციული ზომების მიუხედავად, რადიკალურმა ოპოზიციამ რამდენიმე შემთხვევაში მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა.

დღეს, ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ უმძიმეს პროვოკაციას, როდესაც კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი მარნეულის შტაბის წევრს, თემურ შუბითიძეს და მიაყენეს მას, თბილისში მძიმე ფიზიკური დაზიანებები. თითოეულმა თავდამსხმელმა უნდა იცოდეს, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით ახლაც გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან პირველ რიგში ნიკანორ მელია და აკმამედ იმამკულიები, რომელთა შესრულებით ჩვენ გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ. მძიმე პროვოკაციებით გამოირჩევიან კახა ოქრიაშვილის აქტივისტებიც, რამაც კიდევ ერთხელ გაგვიმყარა რწმენა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მისი ჩამოშორებით ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აშკარაა, რომ პროვოკაციების მოწყობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობისთვის ხელის შეშლა თანდათანობით რადიკალური ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად იქცევა. ისინი კვლავაც იმოქმედებენ იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც 2012 წელს ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა თავისუფალი, თანასწორი და მშვიდი არჩევნების ჩატარებაა. არაერთგზის გვითქვამს და ერთხელაც გავიმეორებთ, თუ არ იქნება პროვოკაციები რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არჩევნები წარიმართება ზუსტად ისეთივე მშვიდ გარემოში, როგორც წარიმართებოდა გასული რამდენიმე თვის მანძილზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის უმძიმეს პროვოკაციებსაც კი. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ ყველა ზომა ინციდენტების აღსაკვეთად და მომხდარ ინციდენტებზე რეაგირებისათვის. არცერთი სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, განურჩევლად იმისა, თუ ვინ ჩაიდინა ეს სამართალდარღვევა”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები